მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სახლში მომზადებული შოკოლადის ფილა
/ sakhlshi momzadebuli shokoladis fila
2014-07-22, 4:03 PM |
შემადგენლობა:
კაკაოს კარაქი - 50 გრ.
კაკაო (მაღალი ხარისხის) - 20 გრ. (ან გემოვნებით)
შაქრის პუდრი - 70 -80 გრ.
ვანილი - 0.6 გრ.
მოხალული თხილი (კანის გარეშე) - 100 გრ.
მომზადების წესი:
შოკოლადის ფილა სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ, თუ საჭირო ინგრედიენტების შოვნას მოახერხებთ. კონკრეტულ რეცეპტში, გამოყენებულია კაკაოს ცხიმი (კაკაოს კარაქი), რომელსაც უფრო პარფიუმერულ მაღაზიებსა და აფთიაქებში შეიძენთ, ვიდრე სუპერმარკეტებში.
შოკოლადის ფილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ორმაგი ქვაბი - შედარებით დიდი ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. ზემოდან დაადეთ შედარებით პატარა ზომის ქვაბი ისე, რომ პატარა ქვაბი შეეხოს მხოლოდ წყალს და არა დიდი ქვაბის ძირს. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური შოკოლადის სადნობი, როგორც ეს სურათზეა მოცემული მარცხნივ. შოკოლადის ფილის მზადების პროცესში, დიდი ქვაბი მუდმივად უნდა გქონდეთ საშუალო ცეცხლზე, რომ არ გაცივდეს წყალი.
გაადნეთ კაკაოს ცხიმი. თანდათან შეურიეთ შაქრის პუდრი და ვანილი; შემდეგ დაამატეთ კაკაო. მე პირადად ძალიან მიყვარს მწარე შოკოლადი, თუმცა მოცემული რეცეპტით არ გამოდის ძალიან მწარე. თუ უფრო მწარე შოკოლადი გსურთ მიიღოთ, შეგიძლიათ მეტი კაკაო დაამატოთ.
მდნარ მასას დაამატეთ თხილის პასტა, რომელიც ასევე სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ. კანგაცლილი, მოხალული თხილი ჩაყარეთ ძლიერ ჩოპერში და მოურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ თხილის პასტას. მომზადების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცხიმიანია თხილი და რამდენად ძლიერია თქვენი ჩოპერი. პერიოდულად დაგჭირდებათ შეარხიოთ ან კედლებიდან ჩამოფხიკოთ თხილის ნამცეცები, რომ განაგრძოთ მორევა.პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალოდ 7-10 წუთი, ამიტომ შეგიძლიათ წინასწარ გაამზადოთ, ვიდრე შოკოლადის ფილის მომზადებას დაიწყებთ.
თხილის პასტაც დაამატეთ შოკოლადის ნარევს და კარგად მოურიეთ. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, გადაიტანეთ კერამიკის ჭურჭელში, რომელსაც ძირში საცხობი ქაღალდი აქვს ჩაფენილი.
შედგით საყინულეში. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ გამოიღეთ და შოკოლადზე დანით გამოიყვანეთ ფილები, რათა შემდეგ გაგიადვილდეთ დაჭრა. თუ შოკოლადის ფორმები გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კარგად რომ გამაგრდება ფილა, შეგიძლიათ გამოიღოთ, დაჭრათ და მიირთვათ :)
შენახვით, თუ შეფუთავთ, ალბათ 1 კვირაზე მეტხანსაც შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |