შემადგენლობა:
3 კვერცხი
1 ჭ შაქარი* (165გ)
3 ს.კ თაფლი
150 გ გამდნარი კარაქი
1.5 ჩ.კ სოდა+ძმარი
2.5 ჭ ფქვილი (400-410გ)
კრემი:
450 გ ნატურალური, ხარისხიანი არაჟანი (აქ, ამერიკაში ვიყენებ all natural sour cream რაც გულისხმობს რომ ცხიმმოუხდელია, low fat ან fat free ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება )
300 გრ მაღალპროცენტიანი, ასათქვეფი ნაღები
100-120 გ შაქარი
ვანილინის კრისტალები ან 2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ვანილის ჩხირი თუ გვაქვს მთლად გადასარევი :) )
ასევე ცოტაოდენი ნიგოზი
*ჩემს ყველა რეცეპტში და აქაც, ჭიქა იგულისხმება 240-250 მილილიტრიანი.
მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ თაფლი, სოდა, კარაქი და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე. თან ვურიოთ. კარაქი მთლიანად უნდა გადნეს. როცა მასა თეთრ ქაფს მოიკიდებს, გადმოვიღოთ და ხის კოვზით ფქვილი შევურიოთ. ცომს ვაცალოთ გაციება და შემდეგ გამოვაცხოთ.
იმის მიხედვით თუ რა ზომის ნამცხვარი გვსურს, სხვადასხვა რაოდენობის ფირფიტებს ვაცხობ. მაგალითად 19×19 სმ კვადრატული “მედოვიკისთვის” , ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით 9 ფირფიტა გამომივიდა, თუმცა 6-7 ფირფიტითაც ნორმალური სიმაღლის ნამცხვარი გამოდის. შეგვიძლია ფირფიტების ზომა გავზარდოთ და შედარებით დაბალი ნამცხვარი გავაკეთოთ. 22 სმ დიამეტრის მრგავლი ტორტისთვის 6 -7 ფირფიტა გამოდის. შეგიძლიათ მოამზადოთ 4 მაგრამ დიდი ფირფიტები. მოკლედ, იმედია მიხვდით პრინციპს.
მე ცომს გაბრტყელების შემდეგ ვჭრი სასურველ ზომაზე და ისე ვაცხობ. ცხვება დაახლოებით 180-200 გრადუსზე, ძალიან სწრაფად, 3-4 წუთში. ფირფიტებს თუ მეტისმეტად დავბრაწავთ, გაცივების შემდეგ ხმება, ამიტომ ღია ოქროსფერი სრულიად საკმარისია.
აქვე პატარა რჩევა: გამოსაცხობად ვიყენებ სილიკონის საფენს, სუპერ მოხერხებული და კომფორტულია. ზედვე ვაბრტყელებ ცომს ძალიან თხელ ფენად და ამ საფენით გადამაქვს ტაფაზე, შემდეგ კი ვაცხობ. რადგან 2 საფენი მაქვს საქმე სწრაფად მიდის. ცომის ბოლო მონარჩენებისგან ვაცხობ დასაფხვნელად საჭირო ფირფიტას. ასევე მოვხალავ ცოტაოდენ ნიგოზს (2/3 ჭიქა სრულიად საკმარისია). ფირფიტას და ნიგოზს ერთად ვფქვავ ბლენდერში და ვიყენებ ნამცხვრის გვერდებზე და ზემოდან მოსაყრელად.
სანამ ფირფიტები გაცივდება, ვაკეთებთ კრემს. მიქსერის თასში მოვათავსებთ არაჟანს, შაქარს და ვანილს. ვთქვეფთ რამდენიმე წუთი, შაქარი სანამ გადნება. შემდეგ პირდაპირ ამ თასშივე ვამატებთ ნაღებს და ვაგრძელებთ თქვეფას, სანამ კრემი არ გასქელდება. შეგვიძლია მაშინვე გამოვიყენოთ ან ცოტა ხანს მაცივარში გავაჩეროთ.
კრემი წავუსვათ ფირფიტებს, მოვაყაროთ ნაფხვენები ან მოვრთოთ როგორც საჭიროდ ჩავთვლით.
ტორტი გავაჩეროთ მაცივარში რამდენიმე საათი ან მინიმუმ 1 ღამე. მეორე დღეს ვიმზადებთ უშაქრო ჩაის ან ყავას, მივირთვმევთ ტორტის თანხლებით და ვტკბებით ცხოვრებით :)