მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ალუბლის ნამცხვარი ნაღების კრემით / alublis namckhvari naghebis kremit
2016-01-05, 4:55 PM |
შემადგენლობა:
ბისკვიტისთვის:
3 კვერცხი
150 გრამი შაქარი
150 გრამი ფქვილი
კრემისთვის:
1 პაკეტი ვანილი
250 გრამი მასკარპონე
250 გრამი მაღალპროცენტიანი (33%-ზე მეტი)ნაღები (ნაკლებიც შეიძლება, ოღონდ სასურველია ნაღების გამამყარებელი დაიხმაროთ)
შაქრის პუდრი სურვილისამებრ
ნაღების გამამყარებელი, მაგ. დრ.ოტკერის Sahnesteif
დასანამად:
ალუბლის წვენი, შეგვიძლია შევურიოთ ალკოჰოლი
კურკაგამოცლილი ალუბალი (მე ალუბლის კომპოტის ალუბლები გამოვიყენე
მომზადების წესი:
ბისკვიტი ამოვიყვანოთ - ძალიან კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, მინიმუმ 5 წუთი მაინც უნდა ვთქვიფოთ. შემდეგ დავაცრათ ფქვილი და ამოვურიოთ უკვე კოვზით, კარგად გავხსნათ ფქვილი. მოვათავსოთ საშუალო ზომის (26 სმ დიამეტრის) გვერდებმოხსნად ფორმაში, თუ გნებავთ, გაცხიმეთ ფორმა, მე პირადად არ ვიყენებ ცხიმს, როცა ბისკვიტს ვაცხობ.
მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, საშუალო თაროზე და გამოვაცხოთ. ჩემს ღუმელში გამოცხობას დასჭირდა დაახლოებით 40 წუთი, თუმცა ორიგინალ რეცეპტში ნაკლები იყო მითითებული, ამიტომ უნდა მივაქციოთ ყურადღება, მე სურნელით ვცდილობ მივხვდე, მზად არის თუ არა.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
ავთქვიფოთ ნაღები გამაგრებამდე, მე გასამაგრებელიც შევურიე 30%იანი მქონდა ნაღები. ცალკე ცოტათი გავთქვიფოთ მასკარპონე, შევურიოთ ნაღები, შაქრის პუდრი (ეს აუცილებელი არაა პრინციპში, წინასწარ გასინჯეთ კრემი, შესაძლოა არ გსურდეთ მეტად დატკბობა). შემდეგ ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღები.
აწყობა:
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვათავსოთ ქვედა ნაწილი ლანგარზე, დავნამოთ კარგად ალუბლის წვენით, წავუსვათ კრემის 1/3, მოვათავსოთ მასზე მეორე ნაწილი, ასევე კაგად დავნამოთ. ბისკვიტის გარშემო მოვათავსოთ საცხობი ფორმის მოსახსნელი ნაწილი (ძირის გარეშე) ოდნავ გაფართოვებულ მდგომარეობაში. დანამული ბისკვიტის ზედაპირზე მჭიდროდ დავალაგოთ კურკაგამოცლილი ალუბალი. ზემოდან მოვათავსოთ დარჩენილი კრემი და მოვასწოროთ ზედაპირი. რეცეპტში ასევე მითითებული იყო გახეხილი შოკოლადის მოყრა ამ კრემზე.
სასურველია, სუფრასთან მიტანამდე მაცივარში გაჩერება.
მეორე დღეს უფრო გემრიელი იყო, წვენი და არომატი რომ კარგად გაუჯდა :)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |