მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ღორის ხორცი მოტკბო-მომჟავო გარნირით / ghoris khorci motkbo-momjavo garnirit
2016-01-05, 4:50 PM |
შემადგენლობა:
ღორის რბილი ნაკლებცხიმიანი ხორცი, დაახლოვებით 1 კგ ნაჭერი (სასურველია, ზურგის ნაწილი)
მომჟავო ვაშლი - 4 ცალი
ხახვი საშუალო ზომის - 3 ცალი
მდოგვი
არაჟანი, ან მაიონეზი
მარილი, პაპრიკა (წითელი, დაფქული, საშალო სიცხარის წიწაკა);
მსხვილად დაფქული შავი პილპილი
ნიორი 1 კბილი
ბულიონი, დაახლოებით 200 გრამი
თეთრი ღვინო, 50 გრამი
ზეთი
მომზადების წესი:
ხორცი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, თუ კანი აქვს, დავსეროთ რომბისებურად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარგად გაცხელებულ ზეთში ყველა მხრიდან შევწვათ ხორცის მთლიანი ნაჭერი, დაახლოებით თითო გვერდი 3 წუთით. გადმოვიღოთ და დროებით გადავდოთ.
მსხვილად დავჭრათ ხახვი და ვაშლი, მოვათავსოთ იმავე ტაფაზე, სადაც ხორცი შეიწვა. დაახლოებით 5 წუთი, მაღალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით დავარბილოთ ვაშლი და ხახვი. შემდეგ დავასხათ ბულიონის ნახევარი, რომელშიც გახსნილია დაჭყლეტილი ნიორი, ღვინო, 2 წუთი ვადუღოთ და გამოვრთოთ.
ხორცს წავუსვათ მდოგვის, არაჟნის, მარილის, პილპილისა და მაიონეზის ნარევი, მე სვანური მარილიც დავამატე, მაგრამ სრულიად ზედმეტი იყო, თუმცა არც გაუფუჭებია არაფერი.
ღრმა ღუმელის ჭურჭელში მოვათავსოთ ხორცი, შემოვუწყოთ ვაშლი, ხახვი, დავასხათ ტაფაზე დარჩენილი წვენი. მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, საშუალოზე დაბალ თაროზე. წვის დროს, შიგადაშიგ უნდა დავასხათ თავისივე წვენი, თუ საკმარისი არაა, ბულიონის დარჩენილი ნაწილი (მგონი ვაშლის წვნიანობაზეც არის დამოკიდებული ბულიონის დარჩენილ ნაწილს გამოიყენებთ, თუ არა).
თუ შეამჩნევთ, რომ ზემოდან ზედმეტად იწვება, დააფარეთ ფოლგა. ხორცის მზაობა შესაძლებელია შევამოწმოთ სპეციალური თერმომეტრით, ან უბრალოდ დანით გავსინჯოთ.
გამზადებული ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
გარნირად მივირთვათ ოდნავ დაჭყლეტილი მოხარშული კარტოფილი, ან პიურე. შეწვის შემდეგ დარჩენილი წვენი გადმოვასხათ ტაფაში, ცოტა ვადუღოთ და შემდეგ გამოვიყენოთ სოუსის სახით. მე არ 'გამიფუჭებია' ეს სოუსი შესქელებით, თუმცა წესით უნდა შესქელებულიყო კარტოფილის ან სიმინდის სახამებლით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |