მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მაკარონი სპაგეტი ფარშით / Μακαρόνια με κιμά / makaroni spageti farshit
2018-01-06, 1:09 AM |
შემადგენლობა:
500 გრ სპაგეტი
500-600 გრ ფარში
2 ხახვი
3 + 3 ს.კ. ზეთი
3-4 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. შაქარი
2 ს.კ. ტომატის პასტა
100 მლ ღვინო
1 ჯოხი დარიჩინი
2-3 დაფნის ფოთოლი
300-400 გრ ცოცხალი პომიდორი ან მთელი პომიდვრების კონსერვი
1 ჩ.კ. ხმელი ქინძი და ნახევარი კონა ქინძი (სურვილისამებრ)
1 ჩ.კ. ქონდარი
მარილი, პილპილი
გახეხილი ყველი
მომზადების წესი:
ფარში:
სქელძირიან ფართე ქვაბში გავახუროთ 3 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ფარში. ვხრაკოთ მაღალ ტემპერატურაზე, თავიდან არ მოვურიოთ, რათა ფარშმა წვენის გამოყოფა არ დაიწყოს — მოვურიოთ, როდესაც ფარშის ქვედა მხარე დაიბრაწება;
7-8 წუთის შემდეგ ქვაბში დაბლენდერებული ან ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ. როდესაც წვენს დაიშრობს, დავასხათ ღვინო, დავამატოთ დარიჩინის ჯოხი;
ღვინის აორთქლების შემდეგ, ქვაბში დაბლენდერებული ან წვრილად დაჭრილი პომიდორი და მასში გახსნილი ტომატის პასტა მოვათავსოთ. გავაგრძელოთ კერძის მომზადება დაბალ ცეცხლზე;
15 — 20 წუთის შემდეგ დავამატოთ შაქარი, სანელებლები, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი. მზადების ბოლო ეტაპზე, შესაძლებელია, კერძი სასურველზე უფრო ამოშრეს — იქონიეთ ადუღებული წყალი, რათა დროულად დაამატოთ;
საბერძნეთში ქინძს ნაკლებად ხმარობენ, თუმცა ბოლო ათი წლის მანძილზე შეინიშნება მისი პოპულარიზაციის მცდელობა. ხმელი და ნედლი ქინძი ამ რეცეპტში ჩემი ინიციატივით დავამატე — იმედია არ მიწყენენ ბერძნები ))))
მაკარონი:
მაღალ ქვაბში ავადუღოთ წყალი — სპაგეტის სწორი მოხარშვის წესი 100გრ მაკარონზე 1 ლიტრ წყალს ითვალისწინებს;
დავუმატოთ მარილი — ერთ ლიტრ წყალზე 1 ჩ.კ.;
წყალი კარგად რომ ადუღდება, მოვათავსოთ მასში სპაგეტი ( აუცილებლად გაუტეხავად!!!), კარგად მოვურიოთ, რომ მაკარონის ჩხირები ერთმანეთს არ მიეწებონ;
ხარშვის დრო დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე. იტალიელი მზარეულები გვირჩევენ ვხარშოთ სპაგეტი 7-8, მაქსიმუმ 9 წუთის მანძილზე. ასეთი მაკარონი მკვრივი გამოდის, მას “al dente”-ს ეძახიან. თუ ოჯახში პატარები გყავთ, მე გირჩევდით 10-12 წუთი ხარშოთ სპაგეტი, ვინაიდან ნაკლებათ მოხარშული მათ არ მოსწონთ;
მოხარშული მაკარონი ამოიღეთ საწურზე და — ყურადღება! — თუ კერძი ცხლად უნდა მიირთვათ, არ გაავლოთ მას წყალი, გაწურული ჩააბრუნეთ იმავე ქვაბში, რომელშიც ის მოხარშეთ და დაუმატეთ 3 ს.კ. ზეთი. კარგად მოურიეთ. სუფრასთან მიიტანეთ სუფრის თითოეული წავრისათვის ფარტე საინზე მოთავსებული მაკარონის ფენა, ზემოდან ფარში და სულ ზედა ფენად გახეხილი ყველი.
თუ გსურთ, რომ კერძი ცივადაც შეიჭამოს, მაშინ უმჯობესია მაკარონს წამიერად ცივი წყალი გაავლოთ, შემდეგ დააბრუნოთ ის ქვაბში, მოასხათ ზეთი და ა.შ.
გემრიელად მიირთვით!
სიყვარულით, თქვენი მზია!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |