შინაური ფრინველის საცივი - qartuli samzareulo, kulinaria
2014-06-17, 11:28 AM
1 ც ინდაური, ქათამი, ბატი, ან იხვი, 200 გრ თავი ხახვი, 500 გრ ნიგოზი, ქინძის თესლი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, მარილი-გემოვნებით. გარეცხილი, მომზადებული შინაური ფრინველი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ამოვიღოთ ბულიონიდან, დავდოთ ტაფაზე ზურგით ძირს, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ცოტა ბულიონი და შევწვათ ქურაში. შეწვის დროს აუცილებელია დროდადრო მოვასხათ ტაფაზე ჩამონადენი წვენი და ვატრიალოთ, რათა ყოველი მხრიდან კარგად შეიწვას. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი, ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი და მოვშუშოთ. ნიგოზი დავნაყოთ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ერთად დანაყილი ნიორი, ქინძი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, მარილი, გავხსნათ ბულიონით, ჩავასხათ მოშუშულხახვიან ქვაბში და ვხარშოთ 15 – 20 წუთის განმავლობაში. ხარშვის დამთავრებამდე 5-10 წუთით ადრე დავამატოთ ღვინის ძმარი, დანაყილი ქინძის თესლი და ხმელი სუნელი. შემწვარი, ცხელი ფრინველი დავჭრათ. ნაჭრები ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე საცივი, გავაცივოთ.