ჩურჩხელა შეიძლება მოვამზადოთ ნიგვზისაგან (მთელი, ნახევარი ან მეოთხედი ლებნებისაგან), თხილისაგან, ნუშისაგან, ჩამიჩისაგან, ჩირისაგან. შევარჩიოთ საღი, კარგად გამომშრალი ნიგოზი. აბრეშუმის ან ბამბის ძაფი დავჭრათ ჩურჩხელის ზომაზე (18-24 სმ), ავაგოთ წმინდა ნემსზე. ერთი მსხვილი ნიგოზი ავაგოთ ძაფზე და ორჯერ ამოვუყაროთ. ამის შემდეგ მჭიდროდ ავაგოთ დანარჩენი ნიგვზები, ვიდრე ძაფი არ აივსება. ძაფის ბოლოში გავაკეთოთ ყულფი. მოვხარშოთ თათარა (იხ. წინა რეცეპტი), ამოვავლოთ თათარაში ძაფზე ასხმული ნიგოზი და ავასხათ ხარიხაზე, ისე რომ ერთმანეთს არ მოხვდეს. პროცედურა გავიმეოროთ 2-3 ჯერ ნახევარ-ნახევარი წუთით. მზა ჩურჩხელები დღისით მზეზე გავკიდოთ, ხოლო ღამ-ღამობით შევინახოთ სიმშრალეში. ჩურჩხელა არ უნდა გავახმოთ, შრობა შევწყვიტოთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ რბილია. შევინახოთ ტილოში გახვეული, მშრალ ადგილას, ზომიერ ტემპერატურაზე. ასე შენახული ჩურჩხელა გათეთრდება და დაშაქრდება.